დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ გამართლების ძებნის მიუხედავად, პირველად ხდება დიდი ხნის განმავლობაში, რომ საქართველო NATO-ს სამიტზე არაა მიწვეული.
დავით ბაქრაძე ამას "ჩავარდნას" უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამიტზე არყოფნის მიუხედავად, საქართველოსთვის პოზიტიურად დასრულდება საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრები.
„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ სამიტზე. რაც არ უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, რომ ეს არის მოკლევადიანი და ხანმოკლე სამიტი, ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველო არ არის ამ დონის და ამ ფორმატის ღონისძიებაზე. ამიტომ უდავოდ ეს არის ჩავარდნა და არის ცუდი.
მე იმედი მაქვს, არყოფნის მიუხედავად, საქართველო მიიღებს პოზიტიურ სიგნალს და განსაკუთრებული იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური სიგნალი არ იქნება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, რაც ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედი მაქვს ნატო-ს მხრიდან სიგნალი იქნება ასევე კონკრეტულად ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხითაც და საქართველო მიიღებს კონკრეტულ სიგნალს და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯით პერსპექტივას თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.
"ისევე, როგორც ნატოს განგრძობადი მხარდაჭერა ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან". - თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, ნატოს სამიტზე განიხილება ავღანეთის საკითხი, სადაც NATO-ს სამხედრო მისიები სრულდება, თუმცა, გაგრძელდება მათი მხარდაჭერა ავღანელი სამხედრო ძალების და ჯარის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატოს 2021 წლის სამიტზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევას, სამიტის "განსხვავებული ფორმატით" ხსნის და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, სამიტის დეკლარაციაში ტექსტი საქართველოზე იქნება "ძალიან კარგი".